სვანეთი ქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე - მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე და მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს. ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრს წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქვემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს - ლენტეხის მუნიციპალიტეტი. ზემო სვანეთი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობას, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას.
უნიკალური საზაფხულო და სათხილამურო კურორტი მესტია მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე.
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მესტიის მუნიციპალიტეტში არის 45 ფრესკული ეკლესია. ამას გარდა არის 107 ეკლესია, 300–ზე მეტი სვანური კოშკი და 100 -ზე მეტი სვანური სახლი (მაჩუბი), რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად ითვლებიან. მესტიის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ფერწერული და ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ხელნაწერები, არქეოლოგიური კვლევის ბაზა და სხვა. სვანეთი ცნობილია თავისი მუსიკალური ფოლკლორით და ტრადიციული დღესასწაულებით.
მესტიის სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. უშგულის თემის (მოიცავს ოთხ სოფელს) სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.
მესტია ცნობილია ოქროს, ვერცხლის, მოლიბდენის, ბარიტის, დარიშხნის, ვოლფრანის, მარმარილოს საბადოებით. აქ არის მინერალური წყლები, რომელთა რაოდენობა 200-ს აღემატება. ზემო–სვანეთი საინტერესოა მრავალი დარგის მეცნიერთათვის: ეთნოგრაფებისათვის, არქეოლოგებისათვის, ისტორიკოსებისათვის, ენათმეცნიერებისათვის, გეოგრაფებისათვის, გეოლოგებისათვის, ხელოვნებათმცოდნეებისათვის და სხვა. სვანები სვანეთის ძირძველი მოსახლეობაა, აქვთ საკუთარი უდამწერლობო ენა, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. სვანებმა ქრისტიანობა ლაზიკასთან ერთად 523 წელს მიიღეს და ამიტომ სვანებისათვის სალიტერატურო ენად იმთავითვე საერთო ქართული ენა ითვლებოდა. სვანები და მისი დიდებულები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს სამეფოების ცხოვრებაში, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში ( დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს).
ყველაზე ადრეული ცნობა სვანთა შესახებ გვხვდება ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან სტრაბონთან (ძვ.წ.აღ.64/63 და ა.წ.აღ23/24წწ.) და პლინიუსთან (ახ.წ. 23/24წწ). სტრაბონი თავის გეოგრაფიულ თხზულებებში წერდა, რომ სვანები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმამაცითა და ძალით, მბრძანებლობენ დიოსკურიის (სოხუმის) ზემოთ მდებარე ტერიტორიაზე კავკასიონის მწვერვალებამდე, ჰყავთ ბასილევსი (წინამძღოლი), 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო და შეუძლიათ შეკრიბონ 200000 კაციანი ლაშქარი. სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რასაც სვანები დახვრეტილი ვარცლებითა და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. აქედან გავრცელდა მითი ოქროს საწმისიან ტყავზე - ამბობს სტრაბონი.
შუა საუკუნეების სვანეთის ხელოვნების ძეგლები მეტყველებს სვანი ხალხის მდიდარ კულტურულ წარსულზე. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მსოფლიო ტურიზმში.