თბილისი – საქართველოს დედაქალაქი მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600მ სიმაღლეზე, 1.5 მილიონზე მეტი მცხოვრებლით. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო პოზიცია უჭირავს რეგიონში.
თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულში. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი (მეხუთე საუკუნე) ნადირობდა, როცა მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა.
თბილისის არქიტექტურა გამოირჩევა ორი განსხვავებული სტილით, ერთი უძველესი და მეორე თანამედროვე. თბილისის ძველი უბნები ქალაქის სამხრეთ ნაწილშია, ცხელ მინერალურ წყაროებთან – ნარიყალას ციხე, აბანოთუბანი, მეტეხი, ერეკლე II –ის მოედანი.
ნარიყალა — უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხესიმაგრე IV საუკუნეში აშენდა. ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
მეტეხი – ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე. ავლაბარში. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. 1235 წელს, მონღოლების შემოსევისას ნაგებობები დანგრეულ იქნა. მეტეხის მაცხოვრის ეკლესია მეფე დემეტრე II – ს აღუდგენია 1278-1289 წლებში. აქვე არის თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
აბანოთუბანი (აბანოებისუბანი) – თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს.
ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
ერეკლე II-სმოედანი – თბილისის ერთ-ერთი ძველი მოედანი მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. სახელი ეწოდა მეფე ერეკლე II-ს პატივსაცემად. მოედანი ფორმით ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა, ხალხმრავლობის გამო მას სალაყბოსაც ეძახდნენ. მოედანს ეკრა კარის ეკლესია, დივანხანა, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა დაწესებულებები.
მთაწმინდისპარკი – თბილისის ყველაზე მაღალი პარკი და ამავდროულად გასეირნება-გართობის ერთ–ერთი ყველაზე კარგი ადგილია. თაწმინდის პარკი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ფუნიკულიორითა და საბაგირო გზის მეშვეობით.
მთაწმინდის პარკში ამ დროისთვის 60–მდე ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი ფუნქციონირებს. პარკი ატრაქციონების მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა: საბავშვო ზონა, ექსტრემალური ზონა, საოჯახო ზონა, თამაშების სოფელი.